პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის" პრეზენტაცია გაიმართა

  • 06. 03. 2018

1 აპრილს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წევრები არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის" წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლის დროსაც მოისმინეს ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის შედეგების თაობაზე.

საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის შედეგები, რომელიც ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების თემას ეხებოდა, შეკრებილთ ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი კამკამიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ორი წელია ხორციელდებოდა და გარკვეული პრობლემებიც გამოიკვეთა. ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება საქართველოში სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების საკითხი და, შესაბამისად, პროგრამის მიზანსაც უნივერსიტეტებში ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისათვის საერთაშორისო ჟურნალებისათვის კონკრეტული სტატიების, ასევე საგრანტო განაცხადების მომზადებაში დახმარება წარმოადგენს. ასევე პრობლემად რჩება ჩვენი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნება საერთაშორისო გამოცემებში ნაშრომის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლობის გამო. საქართველოს რეალობას წარმოადგენს ასევე დაბალი კვლევითი უნარ-ჩვევები ახალგაზრდა მეცნიერებში.

მომხსენებელმა კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, გარკვეული რეკომენდაციებიც წარმოადგინა და, მათ შორის, რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ესენია: დისერტაციების ხარისხის ამაღლება, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, მეტი აქცენტის გაკეთება უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში დაბეჭდვაზე, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში ჩატარებულ კვლევებზე და სხვა.

პარლამენტის წევრებმა დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის წევრებმაც უაღრესად მტკივნეული პრობლემები წამოჭრეს. მათივე განცხადებით, დასაფასებელია ახალგაზრდების ძალისხმევა, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ ბევრი მიმართულებით მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, უნდა ითქვას, რომ კურსი აღებული იყო მეცნიერების ამოძირკვისკენ და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ამ ბოლო წლებში მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. თუმცა კვლავაც პრობლემად რჩება მეცნიერების დაფინანსებისადმი დამოკიდებულება და ამ ფონზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის" საქმიანობა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებს არა მარტო სტატიების დაბეჭდვაში ეხმარება, გარკვეულწილად გრანტების მოპოვებაშიც უწევს დახმარებას, ნამდვილად სამაგალითოა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევარები.

შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ დღესვე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყებს ორდღიან ტრენინგს თემაზე „სამეცნიერო და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საქართველოს აკადემიური პერსონალისათვის“.