საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელობის კვლევის კავშირი" (Health Research Union) აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა ორწლიან საგანმანათლებლო პროექტს: "სამეცნიერო და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საქართველოს ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის". პროექტი განხორციელდა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (State University of New York) პროფესორებისა და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით. სწავლება ჩატარდა ქართულ და ინგლისურ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი).
პროგრამის მიზანი იყო:
- ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებში სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ.: კრიტიკული აზროვნება, მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი, საგრანტო პროექტის წერა, სამეცნიერო ნაშრომების მომზადება პუბლიკაციისათვის).
- ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ პროექტის ბენეფიციარების მენტორობა.
- ვებ-გვერდის შექმნა საგანამანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა უნივერსიტეტთაშორისი, პერსონალური და თანამენტორული ქსელის განვითარების მიზნით.
საგანმანათლებლო პროექტში მონაწილების მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ახალგაზრდა პედაგოგები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მქონე რომელიმე დარგში (მაგ.: მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციოლოგიური მეცნიერებები, განათლება, გარემოს დაცვა და სხვა მონათესავე დისციპლინები).